ნიკოლოზ შერაზადიშვილი 1996 წლის 19 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი მამა ცნობილი ძიუდოისტი – ზაზა შერაზადიშვილი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.
საქართველოში ცხოვრებისას, პატარა ნიკა ძიუდოსა და წყალბურთში ვარჯიშობდა. 12 წლის წინ, შერაზადიშვილების ოჯახი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. რადგან ნიკოლოზს კარიერის გაგრძელება ძიუდოში სურდა, მადრიდიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, პატარა ქალაქ ბრუნეტეს ძიუდოს სკოლაში შეიყვანეს. მისი მასწავლებელი და მთავარი მწვრთნელი ჯოაკინ რუისი გახდა, რომელსაც ოლიმპიადაზე სამჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
2014 წელს ნიკოლოზმა ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მისი საერთაშორის კარირეაც სწორედ მაშინ მიიღო.
2018 წელს, ნიკომ უკვე უფროსთა შორის თელ-ავივში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 24 სექტემბერს კი ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო.
“ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ესპანეთში ჩემი სახელობის ქუჩა იქნებოდა. როცა აქ ჩამოვედით, არც ესპანურს ვფლობდი და არაფერი ვიცოდი ესპანეთის შესახებ. ახლა ვსაუბრობ ესპანურად, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ბრუნეტში გავატარე ჩემი პირადი და სპორტული ცხოვრების დიდი ნაწილი.
მე ვიცი, რომ საქართველოდან მოვდივარ და ეს არასოდეს უნდა დამავიწყდეს. მე ამაყი ვარ”, – ამბობდა შერაზადიშვილი.
კომენტარები post