საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში ჩრდილეოთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ მედიის შეკითხვებს მაკედონელთა მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ უპასუხა:
“როცა საქართველოს ნაკრების დონის გუნდს ეთამაშები, თავდაჯერებულობა აუცილებელია. თუმცა, არ მგონია, რომ ზედმეტად თავდაჯერებულები ვიყავით. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ, კონკრეტულ შემთხვევებში არ გაგვიმართლა. ზოგადად, შეხვედრის მსაჯობით უკმაყოფილო ვართ, თუმცა ეპიზოდებზე კომენტარების გაკეთებას არ ვაპირებთ.
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს პირველ ადგილს და პლეი ოფში მოხვედრას. შემიძლია, ჩემი ბიჭებით ვიამაყო, მათი თამაშით, მაგრამ იგივენაირად წავაგეთ – საკუთარი შეცდომების გამო. ვფიქრობ, ბევრად მეტი დავიმსახურეთ. განსხვავებით სკოპიეში გამართული მატჩისგან, როცა მხოლოდ ერთი ტაიმი ვიყავით კარგები, დღეს 90 წუთის განმავლობაში დომინანტები ვიყავით. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი ისევ ვერ გავიტანეთ.
ინდივიდუალური შეცდომების ბევრი მიზეზი არსებობს, თუნდაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნით დაწყებული. ფეხბურთელები ჩვენთან დიდ დროს ვერ ატარებენ და ალბათ, ამაზე კლუბებში უნდა იმუშაონ. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო ვერ ვიქნები, მომენტები, რომელიც შევქმენით, შემთხვევით არ მოსულა. თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრად მეტი კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ.”
კომენტარები post