22 წლის კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა ესპანური მურსიას მაისურით საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ეს შეუმჩნეველი არც ადგილობრივ მედიას დარჩენია. მაგალითად, La Opinión de Murcia-მა რატი ვალენსიასთან მოგებული მატჩის “მოულოდნელ გმირად” მონათლა.
“მურსიამ ფავორიტად შერაცხული მეტოქის დამარცხება მოახერხა, რისი წინაპირობაც დაცვაში კარგი თამაში გახდა, მატჩის მოულოდნელ გმირად კი რატი ანდრონიკაშვილი იქცა. ქართველი გამთამაშებელი თავდაპირველად იმისთვის გამოჩნდა, რომ ვალენსიელი შენონ ევანსის შეტევები შეეჩერებინა, თუმცა, თამაშის მიმდინარეობისას პირველ პლანზე გამოსვლა უკვე თავად მოახერხა.
მატჩში ერთ-ერთი გადამწყვეტი მონაკვეთის მთავარ მოქმედ პირად სწორედ ანდრონიკაშვილი მოგვევლინა. ანგარიში 70:67 იყო, როდესაც რატიმ შორეული სამქულიანი მიითვალა, შემდეგ კი, მეტოქის ფარქვეშ იტრიალა და ბურთის კალათში ჩაგდება მაინც მოახერხა. მურსია 8 ქულით დაწინაურდა და ვალენსიელთა მთავარი მწვრთნელი ალექს მუმბრუ იძულებული გახდა დაუგეგმავი წუთშესვენება აეღო”, – აღნიშნულია სტატიაში.
ლიგა ენდესას 28-ე ტურში მურსიელებმა ვალენსია 90:82 დაამარცხეს, ქართველმა მცველმა კი 13:46 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
კომენტარები post