ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში რეინჯერსი სტუმრად ანგარიშით 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეო პოლიტანომ გაიტანა და ანგარიში გახსნა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა, მაგრამ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, მან პასები თანაგუნდელებს უფრო ხშირად უნდა მისცეს.
“თქვენ ამბობთ მასზე, რომ ძლიერია, ძლიერია, ძლიერია, მერე ის მეკარესთან ორ მეტრში ხვდება, კარში ურტყამს, როცა გვერდით თავისუფალი თანაგუნდელიც ჰყავს. რატომ? იმიტომ, რომ ეუბნებით, რომ ყოჩაღია, გოლი უნდა გაიტანოს. ასე არ არის! სწორი არჩევანის გაკეთების ცოდნა საჭიროა. ნდომბელეს გოლი ვისი დამსახურებაა? ანგისას დამსახურებაა და ეს უნდა აღინიშნოს. რა თქმა უნდა, მას დღესაც 2-3 აღმაფრენა ჰქონდა და თამაშის წესი რომ არ დაერღვიათ, კარამდე მივიდოდა, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ არჩევანის გაკეთება უნდა იცოდეს და დაცვით ფაზაშიც ითამაშოს.
ნახეთ, პოლიტანომ 2-3-ჯერ 70 მეტრი ირბინა დაცვის დასახმარებლად და გარდა ამისა, პენალტი რთულ მომენტში დაარტყა, ეს არ იყო ჩვეულებრივი პენალტი იმის გათვალისწინებით, რაც მანამდე მოხდა. ეს სუპერპენალტი იყო, რომელიც ძალიან კარგად დაარტყა. პოლიტანომ საოცარი თამაში ჩაატარა, მხოლოდ იმიტომ შევცვალე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა. ასეთ მატჩში, როცა იგებ, არ შეილება მოედანზე დატოვო ფეხბურთელი ყვითელი ბარათით.
გუნდისთვის ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, თამაშს ერთი ფეხბურთელი არ იგებს, ეს თქვენთვის იგებს ერთი მოთამაშე, ჩვენთვის – არა, ყველა ფეხბურთელი საჭიროა. თუ კიმი და რაჰმანი ვერ მოიგებენ საჰაერო დუელებს, ლობოტკა და ანგისა ნახევარდაცვაში ბურთს ვერ გაათამაშებენ, კვარაცხელია თამაშში ბურთს ორჯერ შეეხება. ამიტომ, სხვების სამუშაოც მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, მას აქვს საოცარი ხარისხი, ტექნიკა, რაც ქმნის თამაშში განსხვავებას, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანია და ერთი ადამიანი თამაშს მარტო ვერ იგებს”, – თქვა სპალეტიმ.
კომენტარები post