როგორც ESPN იტყობინება, ბარსელონას ორმა ახალწვეულმა, ანდრეას კრისტენსენმა და ფრანკ კესიემ გუნდი ისე შეიძლება დატოვონ, რომ ერთი ოფიციალური მატჩის ჩატარებაც ვერ მოასწრონ.
აღნიშნული სცენარი იმ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს, თუ კლუბი მათ დარეგისტრირებას ლა ლიგის 1-ლი ტურის მატჩამდე ვერ მოახერხებს. ჩემპიონატის საწყისი ტურის შეხვედრა ბარსელონას 13 აგვისტოს რაიო ვალეკანოსთან ელის. ეს ორი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენება შეუძლიათ.
ESPN ასევე წერს, რომ კრისტენსენი და კესიე ჯერჯერობით მოცდას ამჯობინებენ. უარეს შემთხვევაში ბარსელონა ფეხბურთელების აგენტებთან მოლაპარაკებებს გამართავს, რათა მოვლენათა მოსალოდნელი განვითარება თავიდან აირიდოს. ზოგადად, კატალონიელებს თვის ბოლომდე აქვთ დრო, რომ ფეხბურთელების დარეგისტრირება შეძლონ, თუმცა კრისტენსენს და კესიეს თავიანთი პუნქტების ამოქმედება ლა ლიგის პირველ ტურამდე შეუძლიათ.
კომენტარები post