ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად გიბრალტარს ეთამაშება, მატჩამდე კი კომენტარი ნაკრების ფეხბურთელებმა ნიკა კვეკვესკირმა და ზურიკო დავითაშვილმა გააკეთეს:
“საკმაოდ წარმატებული წელი იყო ნაკრებისთვის. დაგვრჩა ბოლო ოფიციალური თამაში, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, ხანგრძლივი მგზავრობა გვქონდა, ხელოვნურ სტადიონზე მოგვიწევს თამაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე უფრო ყურადღებით და მეტი მოტივაციით ვითამაშებთ”,- განაცხადა დავითაშვილმა
თამაშამდე ასევე კომენტარი გააკეთა ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა:
“ამ ნაკრებს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ პასუხისმგებლობა ყოველთვის ბოლომდე გვაქვს გათავისებული. გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი გამარჯვება და ბურთების შეფარდება. სწორედ ეს არის მთავარი მოტივაცია, რათა სასურველი პოზიცია დავიკავოთ ოთხი ჯგუფის გამარჯვებულებს შორის. ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო. სანაკრებო დებიუტი სწორედ გიბრალტართან მქონდა და ეს განსაკუთრებული მომენტი იყო ჩემთვის. 4:0 მოვიგეთ, ორი საგოლე გადაცემა შევასრულე და ეს დღე არასდროს დამავიწყდება. 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გვაქვს. სასიამოვნოა, როდესაც იმ გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც რეკორდებს ამყარებს. ამაზე ფეხბურთელებმაც ვისაუბრეთ და ახალი რეკორდი იმის დასტური იქნება, რომ ეროვნულ ნაკრებში ყველა სწორად აკეთებს საკუთარ საქმეს.
ერთა ლიგის პირველმა გათამაშებამ ბევრი დადებითი მომენტი გვაჩუქა, რომელიც, სამწუხაროდ, არ დაგვირგვინდა ეროვნული ზეიმით. ეგ ტკივილი გვაქვს დარჩენილი და ძალიან დიდი მოტივაცია და სურვილია ამ გუნდში, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ და ეს ერთა ლიგა წარმატებით დავასრულოთ.”
კომენტარები post