თბილისის დროით კვირას გამთენიისას, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება. 31 წლის ქართველისა და მასზე 4 წლით უფროსი ლეგენდარული ბრაზილიელის შეხვედრა ტურნირ UFC 278-ში გაიმართება, რომელსაც სოლტ ლეიკ სიტი მიიღებს.
ბრძოლის წინ მერაბი Metaratings-ს ესაუბრა, სადაც საქართველოზე, ფაფახსა და ტრადიციებზე, ასევე UFC-ის ქართველი სპორტსმენების მეომრულ სულზე ილაპარაკა.
“ჩვენ კავკასიელი ხალხი ვართ. ფაფახს პაპაჩემი და უფროსი თაობების ხალხი იხურავდა. ისინი მთებში ცხოვრობდნენ, მესაქონლეობას ეწეოდნენ, სიცივეში ხანგრძლივად უხდებოდათ ყოფნა და სწორედ ამიტომ ატარებდნენ ასეთ ფაფახებს. ეს ჩვენი კავკასიური ტრადიციაა. უბრალოდ, მსურს, ადამიანებს ვაჩვენო, საიდან ვარ და როგორი ტრადიციებია ჩვენთან.
მე კავკასიელი ვარ და არა – საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი. ჩემი ქვეყანა – საქართველო კვლავაც იბრძვის იმისთვის, რათა ევროპის ნაწილი გახდეს და არა – საბჭოთა კავშირის. გვსურს დემოკრატიულად ვიცხოვროთ, არ გვინდა უკან დაბრუნება და გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები. ჩვენ მაგარი ხალხი ვართ, რომლებიც პატივს სცემს თავის ტრადიციებს. სწორედ ამის ჩვენება მსურს.
ჩვენ მეომრები ვართ. საქართველო არაჩვეულიბრივად ლამაზი ქვეყანაა. ჩვენ ყოველთვის გვიწევდა ჩვენი ტერიტორიის სხვა დიდი სახელმწიფოებისგან დაცვა. მივეჩვიეთ ომებს და ამიტომ ბრძოლა სულსა და მენტალიტეტში გვაქვს. ამით აიხსნება ის, რომ წარმატებული მებრძოლები გვყავს. UFC-ის ქართველი მებრძოლებისგან გამარჯვებებს მოველი. გიგა ჭიკაძე ძალიან ძლიერ მეტოქეს, სადიქ იუსუფს შეხვდება, თუმცა ის მზადაა გამარჯვებისთვის, რადგან საკმაოდ ჭკვიანი მებრძოლია და მუხლჩაუხრელად ემზადება. კარგი ბრძოლა ექნება რომან დოლიძესაც და მანაც უნდა მოიგოს. ილია თოფურია ედსონ ბარბოზას ხვდება და მჯერა, ვადამდე გაიმარჯვებს”, – ამბობს მერაბი.
კომენტარები post