ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში ფანტასტიკური სადებიუტო სეზონი აქვს – ყველა ოფიციალურ შეხვედრაში 22 წლის ქართველ ლეგიონერს 11 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს, ასევე ნაპოლიმ მისი მოპოვებული 3 პენალტი გოლად აქცია. ამიტომაც, სულაც არ არის მოულოდნელი, რომ ხვიჩას ევროპულ მედიაში სხვადასხვა გრანდს უკავშირებენ. ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალური რეალის ინტერესია. ხვიჩას შესაძლო ტრანსფერებზე და სხვა კლუბების დაინტერესებაზე იტალიურ CN24-თან ინტერვიუში კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ილაპარაკა.
…სხვა კლუბების დაინტერესებაზე: “დიახ, რა თქმა უნდა, დიდი დაინტერესებაა სხვა კლუბებისგან. თუმცა კვარა ახლა მხოლოდ სკუდეტოზე და ჩემპიონთა ლიგაში ნაპოლის თამაშებზე ფიქრობს”.
…ესპანურ მედიაში გავრცელებულ ცნობაზე: “კვარას ინტერესებს მხოლოდ მე წარმოვადგენ. ის მხოლოდ მე და მამას გვითანხმებს საკითხებს. არანაირი მესამე მხარე მოლაპარაკებებში არ არსებობს, როგორც ესპანეთში დაიწერა”.
…იტალიაში მხოლოდ ნაპოლიში თამაშზე: “ის ცდილობს, ნეაპოლელებს ბედნიერება მოუტანოს. კვარას უყვარს ნეაპოლი, მას უყვარს აქ ყოფნა. მან მითხრამ რომ საფეხბურთო თვალსაზრისით, იტალიაში ის მხოლოდ ნაპოლიში თამაშს განიხილავს, საკუთარი თავი მხოლოდ ნაპოლიში წარმოუდგენია. ის არასდროს ითამაშებს სხვა რომელიმე იტალიურ კლუბში. კვარა აქ თავს გრძნობს, როგორც შინ”.
…ნაპოლისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე: “რაც შეეხება კონტრაქტის განახლებას, ამ მომენტისთვის ჩვენ არანაირი შეთავაზება არ მიგვიღია. თუმცა ნაპოლის მენეჯმენტთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუ რამე სიახლე იქნება ამ კუთხით, აუცილებლად ცნობილი გახდება”.
კომენტარები post