ნაპოლის ფანტასტიკური სეზონის მთავარი გმირები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. ქართულ-ნიგერიული შემტევი წყვილი გამორჩეული არამხოლოდ სერია A-შია – ოსიმენი 14 გოლით (პლუს 3 საგოლე პასი) იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, კვარაცხელია კი, რომლის ანგარიშზე 7 გოლია, 8 საგოლე პასით ლიგის საუკეთესო ასისტენტია (მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად).
ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელ ფედერიკო კიეზას La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში შეკითხვა კვარა-ოსიმენის დუეტზე დაუსვეს.
La Gazzetta dello Sport: “ვლაჰოვიჩი ფიორენტინაში თამაშის დროს გაიცანით, შემდეგ კი იუვენტუსში აღმოჩნდით, მაგრამ აქამდე ერთად არ გითამაშიათ. ახლა, როცა ტრავმები არცერთს გაწუხებთ, შეძლებთ უკეთესები იყოთ, ვიდრე ოსიმენი და კვარაცხელია?”
ფედერიკო კიეზა: “ოსი-კვარას წყვილი სერია A-ში ერთ-ერთი უძლიერესია. ორივე ბრწყინვალე ფორმაშია. რაც მთავარია, ისინი სეზონის დასაწყისიდან ერთად თამაშობენ და ჰარმონია აქვთ. მე და დუშანი ფიორენტინაში ბრწყინვალედ ვეწყობოდით ერთმანეთს და ამის გადმოტანა იუვენტუსშიც გვსურს. დასანანია, რომ მონცას წინააღმდეგ ვერ ვითამაშე, მით უმეტეს, რომ ვლაჰოვიჩი და პოგბა დაბრუნდნენ”.
კომენტარები post