გიორგი მამარდაშვილის 5-მა “სეივმა” ვალენსიას ისევ ვერ უშველა – ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. გუნდმა ბოლოს 10 ნოემბერს გაიმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატში და ბუნებრივია, რომ გავარდნის საფრთხე დაემუქრა. სუპერთასზე სამი კვირისწინანდელი მატჩისგან განსხვავებით, ვალენსიას რეალთან შანსი არც ჰქონია – 0:2. წაგებულ გუნდში გიორგი საუკეთესო იყო, მან 6.9 შეფასება დაიმსახურა WhoScored-ისგან.
ეს იყო მე-17 ტურიდან გადმოტანილი შეხვედრა. ასე რომ, ვალენსიამ პირველი წრე დახურა. გუნდი დროებითმა თავკაცმა ვორომ გაიყვანა, მას მერე, რაც ვალენსია ჯენარო გატუზომ დატოვა.
რეალმა 45 ქულა დააგროვა და ბარსელონას 5 ქულით ჩამორჩება, სამაგიეროდ, მე-3 ადგილზე მყოფ რეალ სოსიედადს უკვე 6 ქულით უსწრებს. როგორც ჩანს, ამ ორი კლუბის ბრძოლაში ჩემპიონობისთვის წლეულს ვერავინ ჩაერთვება. ვალენსიას 20 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა, თუმცა “ღამურებს” გასავარდნ ზონასთან მხოლოდ ქულა აშორებთ.
კომენტარები post