2023 წლის მსოფლიო თასის წინ, 26 აგვისტოს, ედინბურგში, ბორჯღალოსნები გასახურებელ ტესტ-მატჩს შოტლანდიასთან გამართავენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა, ახლა კი, საქართველოს რაგბის კავშირმა ტესტი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ირკვევა, თამაში ლეგენდარულ მარიფილდზე გაიმართება, რომელიც 1925 წელს აშენდა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.
ბორჯღალოსნები ამ არენაზე – მესამედ, შოტლანდიასთან კი ჯამში მეექვსედ ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ტიერ 1-ის სარაგბო ქვეყნებიდან მსოფლიო თასს მიღმა სქოთებთან ყველაზე მეტჯერ – 4-ჯერ გვითამაშია. ამასთან, შოტლანდია ტიერ1-ის პირველი ნაკრები გახდა, რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა. ეს 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მოხდა და რომ არა კოვიდ-პანდემია, 2021 წლის ზაფხულშიც გვეწვეოდა.
თორნიკე გოგებაშვილი (საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი): “ჩვენთვის პატივი და გამოწვევაა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ისეთ გრანდთან თამაში, როგორიც შოტლანდიის ნაკრებია. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ნათლად დავინახოთ ჩვენი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები და უკეთ მოვემზადოთ მსოფლიო თასისთვის. მეორეს მხრივ, ეს ერთგვარი აღიარებაცაა, როდესაც მსოფლიო რაგბის პირველი ეშელონის გუნდი შოტლანდია საქართველოს საკმარისად ღირსეულ მეტოქედ მიიჩნევს ტესტ-მატჩების კალენდარში შესაყვანად. ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს მეხუთედ ეძლევა ასეთი შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ყოველთვის შოტლანდია იმარჯვებდა, ჩვენი გუნდისთვის ეს შეხვედრები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
2022-ში უმაღლესი ეშელონის, ტიერ 1-ის ზედიზედ ორ ნაკრებთან – იტალიასა და უელსთან გამარჯვება საქართველოს სულ სხვა ჭრილში წარმოაჩენს. ასე რომ, შოტლანდიასთან მორიგი დაპირისპირება გაცილებით მეტ საერთაშორისო ინტერესს გამოიწვევს. შოტლანდიაც თავის საუკეთესო ფორმაშია – შემოდგომაზე ახალ ზელანდიასთანა და ავსტრალიასთან შთამბეჭდავი ორთაბრძოლა გვაჩვენა, არგენტინა კი 52:29 დაამარცხა. ამჟამად, საქართველოს რაგბის კავშირის მთელი სტრატეგია მიმართულია ქართული რაგბის უფრო მძლავრად წარმოსაჩენად საერთაშორისო არენაზე და მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მეტოქეებთან თანასწორ ურთიერთობაზე. ჩვენ გვაქვს მსოფლიო რაგბის მხარდაჭერა, რომელიც მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბილ ბომონტის სიტყვებით, ათ ქულიან სკალაზე 10-იანით შეფასდა. შედეგებს წელს კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახავთ, ქართული გუნდების ახალ და უფრო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებში მიწვევის სახით”.
ბორჯღალოსნებისა და შოტლანდიის ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 2011 წლიდან იწყებს, როდესაც მეტოქეს ახალ ზელანდიაში, ინვერქაგილში, მსოფლიო თასზე ლელო არ გავატანინეთ, თუმცა მეტოქემ მაინც იმარჯვა – 15:6.
2016 წელს შოტლანდიამ ქილმარნოქში გვიმასპინძლა და 43:16 იმარჯვა. 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მათ ორჯერ შევხვდით და თბილისში სტუმრებმა – 44:10, ხოლო ედინბურგში 36:9 იმარჯვეს. 2020 წელს შოტლანდიას კიდევ ერთხელ ვეწვიეთ მარიფილდზე და ამჯერად, მეტოქემ 48:7 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიამ ბორჯღალოსნები სათამაშოდ პირველად 2008 წელს მიიწვია, ოღონდ მაშინ A ნაკრებით დაგვიხვდა და 69:3 გაიმარჯვა. შოტლანდიის A ნაკრებს 2010 წელს, ბუქარესტის ერთა თასზეც შევხდით და 22:21 დავამარცხეთ.
2023 წლის მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნები კიდევ ორ გასახურებელ თამაშს გამართავენ. მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში დაზუსტდება. საფრანგეთის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს დაიწყება, საქართველო კი პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები post