თუკი, ესპანური Fichajes-ის ინფორმაცია დადასტურდა და ინგლისურმა ლივერპულმა მის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაიხადა ხვიჩა კვარაცხელია იტალიური SERIE A-ს რეკორდს დაამაყრებს.
“ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ ფეხბურთში ბოლო თვეების მთავარ სენსაციად იქცა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს და ნაპოლის საჩემპიონო ტიტულისკენ მიუძღვება. გასაკვირი არაა, რომ ამ ფონზე კვარაცხელიას არაერთი ევროპული გრანდი უტრიალებს, მათ შორის კი, იურგენ კლოპის ლივერპულიც იმყოფება, რომელსაც მისი ტრანსფერი უმთავრეს მიზნად აქვს დასახული.
ხვიჩას მიმართ ლივერპულელთა დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ისინი მზად არიან, ქართველ შემტევში ძალიან სოლიდური თანხა გაიღონ და მომავალი სეზონისთვის ენფილდის ერთ-ერთ უმთავრეს ვარსკვლავად აქციონ. სწორედ კვარაცხელიამ უნდა გააძლიეროს მერსისაიდელთა შეტევა, რომელიც საკმაოდ გაღარიბდა სადიო მანეს წასვლის შემდეგ და კიდევ უფრო დასუსტდება ზაფხულში, როდესაც კლუბს რობერტო ფირმინოც დატოვებს.
კვარაცხელიას ნაპოლისთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი თამაშიდან გამომდინარე კი, სატრანსფერო ფასმაც საგრძნობლად მოიმატა. მადას არც ნეაპოლელთა პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უჩივის, ასე რომ, ხვიჩას მსურველებს, მათ შორის კი, ლივერპულსაც სერიოზული თანხის გაღება მოუწევს. ეს მერსისაიდელებსაც კარგად ესმით და მზად არიან, კვარაცხელიას სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაიხადონ, რა შემთხვევაშიც ის სერია A-დან ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება”, – წერს გამოცემა.
კომენტარები post