ნაპოლიმ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი იოსიპ ბრეკალო დაიმატოს. ამის შესახებ იტალიური პრესა აქტიურად წერს.
ვოლფსბურგის 24 წლის ნახევარმცველით უდინეზეც დაინტერესებულია, მაგრამ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ხორვატს ნაპოლიში გადასვლა სურს. აღსანიშნავია, რომ ის მარცხენა გარემარბია, როგორც ხვიჩა კვარაცხელია და ნეაპოლში მას ქართველი ფეხბურთელის ალტერნატივად განიხილავენ. ლუჩანო სპალეტის სურს, რომ როდესაც კვარა სათამაშოდ მზად არ იქნება, მისი შემცვლელი ჰყავდეს.
თუმცა, ბრეკალოს ტრანსფერამდე ნეაპოლელებს მოუწევთ ალესიო ძერბინი გუნდიდან გაუშვან, რომელიმე დაბალი დონის კლუბში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად. იოსიპ ბრეკალო ვოლფსბურგში იშვიათად თამაშობს, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და გერმანულ გუნდთან სეზონის ბოლოს კონტრაქტიც ეწურება. თუმცა, იტალიელებს მისი გადაბირება ამ თვეშივე სურთ.
იოსიპ ბრეკალოს ვოლფსბურგის გარდა, ზაგრების დინამოსა და შტუტგარტში აქვს ნათამაშები, გასული სეზონი კი იჯარით სწორედ სერია A-ში გაატარა, სადაც ტორინოს ღირსებას იცავდა და 33 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, ნეაპოლური გამოცემები წერენ, რომ ნაპოლი დაინტერესებულია ტორინოს სერბი ნახევარმცველის, საშა ლუკიჩის ტრანსფერით. თუმცა, ამ შემთხვევაში გარიგება უფრო მეტად ზაფხულშია მოსალოდნელი.
კომენტარები post