სერია A-ს მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა ‘სან სიროზე’ ხვალ, 18 სექტემბერს, 22:45 საათზე დაიწყება.
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საკითხის შესახებ ისაუბრა:
“ერთმანეთს ორი ძალიან კარგ ფორმაში მყოფი გუნდი ეთამაშება, ძნელია წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება ამ შეხვედრაში. ორივე მხარეს დიდი სივრცეები რჩება და მილანს მათი სწრაფად გამოყენება შეუძლია. როცა ბურთს მოიპოვებენ, მაშინვე შეტევაში მირბიან, ბურთის შენარჩუნებასა და უბრალოდ გაკონტროლებას არ ცდილობენ, ეგრევე თავისუფალ სივრცეებს უტევენ. ბალანსის დაცვა ორივე მხარეს უჭირს, რისი მიზეზიც გამარჯვების მოპოვების ძლიერი წყურვილია. ასეთ დროს ბურთს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და ვეცადოთ, არ დავკარგოთ. საერთო ჯამში ვთვლი, რომ იტალიური ფეხბურთისთვის კარგი შეხვედრა იქნება.
შეხვედრისთვის მხოლოდ 11 ფეხბურთელი არ მჭირდება, მსურს გუნდის თითოეული წევრი მოტივირებული იყოს, ამიტომ სასტარტო შემადგენლობას ხვალ დავასახელებ. მიხარია, რომ გუნდის პოტენციალს ყველა ამჩნევს, თუმცა ზაფხულის შენაძენებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ძალიან ცოტა დროა გასული. შეიძლებოდა, რაღაც უკეთ ან უარესად ყოფილიყო, თუმცა ფაქტია, ანგარიშგასაწევი შემადგენლობა გვყავს.
სპეციასთან შეხვედრაში პენალტის მთავარი შემსრულებელი პოლიტანო იყო, მეორე ელმასი. ხვალინდელი მატჩისთვის იმავეს გავაკეთებთ, განვსაზღვრავთ, ვინ იქნება 11-მეტრიანის პირველი და მეორე დამრტყმელი. სიტუაციიდან გამომდინარე, ცვლილება ყოველთვის არის შესაძლებელი. აშკარაა, გუნდში პენალტის ერთზე მეტი შემსრულებელი უნდა გვყავდეს, რადგან სეზონში ძალიან ბევრი თამაშია, ჩვენს კოლექტივში კი ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია.”
კომენტარები post