ნაპოლიმ ინტერთან წააგო. ხვიჩა კვარაცხელია ამ მატჩში არ იყო ძველებურად ეფექტური, რამაც მედიაში შეკითხვები გააჩინა.
მომდევნო მატჩი ნაპოლის სამპდორიას წინააღმდეგ აქვს. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც შეკითხვა 21 წლის ქართველ შემტევზეც დაუსვეს.
“როდესაც ხვიჩას გაკრიტიკებას ცდილობთ, მე მისი პირველი დამცველი ვიქნები. როდესაც მას აქებდით, თავშეკავებისკენ მოგიწოდებდით. მაღალი კლასის ფეხბურთელები იოლად ექცევიან საყოველთაო ყურადღების ცენტრში, როდესაც რაღაც ისე არ გამოსდით, როგორც სჩვევიათ. მაგრამ ჩემი აზრით, მას ურიგოდ არ უთამაშია. ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც თავისუფალი ზონების მოძებნას ცდილობდა. ერთი-ორჯერ დაარტყა, საკუთარ თავზე აიღო თამაში.”
“მხოლოდ უნდა დაველოდოთ, როდის დაიბრუნებს სრულებით თავდაჯერებას მატჩის დროს. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და ვარჯიშებზეც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ჩვეულებრივ ასრულებს იმ ყველაფერს, რასაც მისგან მივეჩვიეთ.”
“ზოგჯერ წააგებ, მაგრამ ჩვენი სეზონი კვლავაც შეიძლება წარმატებულად მივიჩნიოთ. ინტერთან მატჩით იმედგაცრუებულები იმის გამო ვართ, რომ ვერ გავაკეთეთ ის, რაც გვსურდა. გვინდა ვაჩვენოთ თამაში რთულ მატჩებში ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც ასევე იბრძვიან ჩემპიონობისთვის და გამარჯვება სწყურიათ. მომდევნო თამაშში (სამპდორიასთან) 3-4 ცვლილება იქნება”, – თქვა სპალეტიმ.
კომენტარები post