იტალიური რაგბის კომერციულმა დირექტორმა, წარსულში ცნობილმა მორაგბე კარლო ჩეკინატომ განაცხადა, რომ ის ექვსი ერის გაფართოების მომხრეა, თუმცა სასტიკი წინააღმდეგია ტურნირში გავარდნა/აღმასვლის პლეი ოფი დაინიშნოს. ჩეკინატომ ეს განცხადება ბრიტანული The Rugby Paper-ის პოდკასტში განაცხადა.
“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართულ რაგბის და მის მიღწევებს”, – განაცხადა ჩეკინატომ. მანვე აღნიშნა, რომ წლეულს როგორც იტალიამ, ისე საქართველომ შეძლეს უელსის ნაკრების მისსავე მოედანზე დამარცხება.
საქართველოს ექვს ერში ჩართვაში ბრიტანული გამოცემაც დადებითი აზრისაა, ყოველკვირეულ რუბრიკა RUGBY MATTERS-ში სტატიის ავტორი წერს, რომ “საქართველოს ნაკრების უელსური ტრიუმფი უკვალოდ არ უნდა დაიკარგოს”.
კარლო ჩეკინატო იტალიის ნაკრებში 1990-2004 წლებში თამაშობდა, მის ანგარიშზე 83 მატჩში 100-ზე მეტი ქულაა (21 ლელო). საკლუბო დონეზე ის როვიგოსა და ბენეტონში თამაშობდა. ახლა ის იტალიის სარაგბო ნაკრების კომერციული დირექტორია. The Rugby Paper ინგლისსა და უელსში ყოველკვირეული სარაგბო გაზეთია.
კომენტარები post