“ურალის” 18 წლის ნახევარმცველმა ლუკა წულუკიძემ “კრასნოდართან” მატჩის წინ ვარჯიშზე მუხლქვეშა მყესის მძიმე ტრავმა მიიღო. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელს ამის გამო ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
ამის შესახებ “ურალმა” თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:
“ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ლუკა წულუკიძემ კრასნოდართან მატჩის წინ ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო. ექიმებმა მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაუდგინეს. კლუბმა მოთამაშე სამკურნალოდ იტალიაში, რომის კლინიკა Villa Stuart-ში გაამგზავრა, რომელიც ამ ტიპის სპორტული ტრავმის მკურნალობაში ევროპაში მოწინავეა.
ლუკამ ოპერაცია წარმატებით ჩაიტარა და ამჟამად ფიზიოთერაპიას გადის. ის ორ კვირას გაგრძელდება. 16 აგვისტოს ფეხბურთელის ეკატერინბურგში დაბრუნება იგეგმება, სადაც ის აღდგენას გააგრძელებს.”
წულუკიძე “ურალს” ამ წლის თებერვალში შეუერთდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არცერთ ოფიციალურ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა, მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
კომენტარები post