გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიამ” სეზონში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა “დორტმუნდის” წინააღმდეგ. “ღამურებმა” მეტოქე 3:1 დაამარცხეს და მამარდაშვილმა ერთადერთი გოლი მარკო როისის თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან გაუშვა.
მამარდაშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 62 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5-ჯერ მოახერხა ბურთის მოგერიება და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა. ქართველი მეკარის პერფორმანსი ესპანურ მედიაში ასე შეაფასეს.
“სეზონს ისე იწყებს, როგორც წინა დაასრულა. თავდაჯერებული და გაუვალი კედელია”, – წერს Eldesmarque.
“მამარდაშვილი ყურადღებით იყო. ქართველმა მეკარემ გუნდი სამჯერ გადაარჩინა. როისი, გერეირო და აზარი ერთ ნაბიჯში იყვნენ გოლთან, მაგრამ ქართველმა მეკარემ და ხარიხამ ვალენსია გადაარჩინეს”,- წერს Superdeporte.
ვალენსიას მორიგი ამხანაგური მატჩი 20 ივლისს, “სენტ-გალენის” წინააღმდეგ ელის, სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს კი 14 აგვისტოს, “ჟირონას” წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები post