ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი 2023 წელს პირველ მატჩს 4 იანვარს ჩაატარებს და მილანში ინტერის სახით ურთულესი მეტოქე ელის. ქართველი ტალანტის გუნდი იტალიის სერია A-ს დამაჯერებლად კი ლიდერობს, თუმცა, კონკურენტები ნეაპოლელთა ფეხის დაცდენას მოუთმენლად ელიან, ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე კი სწორედ მილანური კლუბია.
კვარაცხელია ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება და მისკენ კვლავინდებურად დიდი ყურადღებაა მიპყრობილი. სან სიროზე დაგეგმილი თამაშის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც ისაუბრა.
“რონალდო და კვარაცხელია? ცხადია, განსახვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, თუმცა, გავლენა, რომელსაც ისინი მატჩებზე ახდენდნენ, მსგავსია. სხვა საქმეა, რომ ინტერში მომავალ რონალდოს უკვე ვიცნობდით. მას პსვ-სა და ბარსელონაში საოცარი თამაშები ჰქონდა ჩატარებული. ქართველ ფეხბურთელს ვუსურვებ, ისეთივე კარიერა ჰქონოდეს, როგორც – რონალდოს. ნაპოლის საბოლოო გამარჯვებაში მან მთავარი როლი უნდა ითამაშოს.
თუ მკითხავთ, ვისგან უნდა ელოდეს ინტერი ყველაზე დიდ საფრთხეს, ჩემი პასუხი მკაფიოა. ქართველი და ოსიმენი. ამ ორს შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს. ერთსაც გეტყვით, თუკი ინტერი საჩემპიონო რბოლაში ვერ ჩაერთო, ნაპოლის ვუქომაგებ. მათი ჟინი დაფასებას იმსახურებს. მხოლოდ ანგარიშებსა და ბიუჯეტებზე ფოკუსირებული თანამედროვე ფეხბურთისთვის, ეს, სასარგებლოც იქნება”.
კომენტარები post