29 წლის ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კიდევ უფრო დაწინაურდა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) რეიტინგში და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს არონ სილაგის უკვე საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.
ბაზაძის მორიგი წინსვლა ვარშავაში გამართულ მსოფლიო თასის მორიგ ეტაპზე წარმატებულმა ასპარეზობამ განაპირობა, სადაც მან მხოლოდ ფინალური ორთაძრძოლა დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შედეგად, სანდრომ მონაგარს 14 ქულა შემატა და უკვე 247 ქულით ლიდერობს, მაშინ, როდესაც უნგრელი ხმლით მოფარიკავის აქტივში 230 ქულაა. ამგვარად, ქართველი სპორტსმენი უმთავრეს მეტოქეს უკვე 17 ქულით უსწრებს, მე-3 პოზიციაზე მყოფი იტალიელი ლუკა კურატოლი (148 ქულა) კი ლიდერებს უკვე საგრძნობლად ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ 2022/23 წლების სეზონში ოთხ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა და ოთხივეში ფინალში გავიდა. ალჟირისა და ტუნისის მსოფლიოს თასებზე ჩემპიონი გახდა, ვარშავის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ასეთივე შედეგი ჰქონდა ორლეანის გრან პრიზე.
კომენტარები post