საქართველომ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ. ოვერტაიმში მეტოქე 82:76 დავამარცხეთ.
მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთა.
“უდავო იყო, რომ უკრაინასთან თამაშის შემდეგ რეაგირება უნდა მოგვეხდინა და არა მარტო ამ მატჩის გამო, არამედ, როგორც იცით, ესპანეთმა იქ დიდი ანგარიშით მოგვიგო და გვინდოდა, რევანშისთვის გამოვსულიყავით, ესპანელებისთვის აგრესიული თამაში შეგვეთავაზებინა და ამან შედეგი გამოიღო.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი თანაგუნდელების სახელით ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა. ალბათ, ამ დარბაზში საუკეთესო დასაწყისი იყო და იმედი მაქვს, რომ ევრობასკეტზეც ასე გაგრძელდება. ამ თამაშს ვუძღვნი ირაკლი პერტაიას (საქართველოს ნაკრების პრესოფიცერი – რედ), რომელსაც ახლა რთული პერიოდი აქვს და ეს გამარჯვება ირაკლის ეძღვნება”.- განაცხადა შენგელიამ.
თოკოს ესპანეთის წინააღმდეგ შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა, მან 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.
კომენტარები post