“ნაპოლიმ” წინა-სასეზონო შეკრება “ესპანიოლთან” მატჩით დაასრულა და ოფიციალური სეზონის დასაწყება უკვე მზადაა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ესპანური გუნდის დამარცხება ვერ შეძლო, მატჩი 0:0 დასრულდა.
კვარა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი დაჰყო. მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენტარი ლუჩიანო სპალეტიმ გააკეთა.
“მქონდა მოლოდინი, კვარაცხელია ასე ითამაშებდა. გუნდში გვჭირდება ფეხურთელი, რომელიც ინდივიდუალურად ძლიერია და შეუძლია მეტოქის მოტყუება, შეტევაში სივრცეების განთავისუფლება და კარში დარტყმა. კვარა თავგანწირვით თამაშობს. მას კუნთი ჰქონდა გაჭიმული და შესვენებაზე ვკითხე ხომ არ შემეცვალა, მაგრამ მან მოედანზე დარჩენა ამჯობინა. ეს ყველაფერი ხვიჩას ძლიერ ხასიათზე მეტყველებს.”– განაცხადა სპალეტიმ.
კვარამ პრე-სეზონის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამ მატჩებში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დააგროვა.
“ნაპოლი” სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, “ვერონას” წინააღმდეგ ითამაშებს.
კომენტარები post