საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა. ბოლო ტურში გიბრალტარს ვესტუმრეთ და მეტოქე 1:2 დავამარცხეთ, რითაც 16 ქულა დავაგროვეთ და ერთა ლიგის C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ.
მატჩის შემდეგ კომენტარი ნაკრების ფეხბურთელებმაც გააკეთეს:
ხვიჩა კვარაცხელია: “რა თქმა უნდა სანაკრებო თამაშები ძალიან დადებითად დავამთავრეთ, გავიმარჯვეთ, მიზანს მივაღიეთ და ასე ვთქვათ გახარებული ვბრუნდები და უკვე უნდა გადავერთო თამაშებზე.”
ნიკა კვეკვესკირი: “მთავარია, მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, გავიმარჯვეთ, სამი ქულა მოვიპოვეთ და პირველ ადგილზე ვართ იმ ოთხ გუნდს შორის, რომლებმაც საკუთარ ჯგუფებში გაიმარჯვეს. C დივიზიონის პირველადგილოსანი გუნდი ვართ, რაც მოგვცემს იმის უფლებას, რომ ნახევარფინალური თამაში ჩვენს მოედანზე ვითამაშოთ. მგონია, რომ ეს დიდი უპირატესობაა. ეს გუნდი განსაკუთრებულია და მჯერა, რომ შეგვიძლია იმის მიღწევა, რაზეც ყველა ვოცნებობთ.”
გურამ კაშია: “თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია. მძიმე თამაში გამოვიდა, რადგან მოწინააღმდეგე მხოლოდ თავს იცავდა და რთული იყო ხაზების გარღვევა, მომენტის შექმნა. მეტოქე კარგად იყო დაცვაში ორგანიზებული და მინდვრის საფარიც არ გვიწყობდა ხელს. სამწუხაროდ, მორწყვა ვერ შეძლეს და ძალიან რთული იყო ბურთს გადაადგილება. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და ჯგუფში პირველი ადგილი გავიმყარეთ. ამიტომ, უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი.”
კომენტარები post