საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მონაწილეობას მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ორივე დასკვნით მატჩში მიიღებს, რაც ჩვენი გუნდის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსებს საგრძნობლად ზრდის.
დასაფასებელია, რომ ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, შენგელია მზადაა ურთულესი გრაფიკით ითამაშოს, რის შესახებაც ტელეკომპანია ფორმულას ეთერში საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა ფორვარდმა, აწ კი კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ისაუბრა:
“თორნიკეს ძალიან რთული გრაფიკი აქვს და მისი სრულიად მესმის. ეს ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგეს. თუ ღმერთმა დაიფაროს და ტრავმა არ აქვს, არც მახსენდება, რომ რომელიმე სანაკრებო მატჩი გამოეტოვებინოს. ახლა, ნაკრები 17 თებერვალს იკრიბება და 20-ში ნიდერლანდებში მიემგზავრება. თორნიკე 22 თებერვალს შემოგვიერთდება, 23-ში ნიდერლანდებთან ითამაშებს, შემდეგ ისევ იტალიაში დაბრუნდება, რათა ვირტუსის მაისურით ევროლიგაში იასპარეზოს, 25-ში კი თბილისში ჩამოვა და 26-ში ისლანდიასთანაც მოედანზე იქნება. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ეს რამდენად რთული ამბავია”.
კომენტარები post