მიმდინარე სეზონში 2 გრანდ სლემის გამარჯვებული რაფაელ ნადალი ტრავმის შემდეგ კორტზე დაბრუნდა, მაგრამ ბორნა ჩორიჩის წინააღმდეგ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა 6:7 (9:11), 6:4, 3:6.
რაფას ბოლო თვე-ნახევარი გაუცდა ტრავმის გამო, ესპანელმა მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც უიმბლდონის ნახევარფინალში ნიკ კირიოსის წინააღმდეგ არ ითამაშა. მისი მთავარი მიზანი კი ამერიკის ღია პირველობისთვის მომზადებაა, რომელიც 29 აგვისტოს აიღებს სტარტს. ჩორიჩთან მარცხის შემდეგ მატადორმა მედიასთან გააკეთა კომენტარი:
“როდესაც ტრავმის შემდეგ დაბრუნდები და პირველ თამაშს მოიგებ, ესე იგი, ყველაფერი კარგად მიდის. დღეს ასე არ მოხდა. US Open-ზე კარიერის დაუვიწყარი მომენტები მქონდა და ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ წლის ბოლო დიდ სლემს მზად შევხვდე.
ნიუ იორკის პუბლიკა ყოველთვის უდიდეს ენერგიას მაძლევს. ამერიკის ღია პირველობა ჩემთვის განსაკუთრებული ტურნირი, ნიუ იორკი კი განსაკუთრებული ადგილია.
ამ მატჩიდან ბევრი პოზიტიური რამის წაღება ძნელია. უნდა ვივარჯიშო და უკეთესად უნდა ვითამაშო – ეს არის სიმართლე.”– განაცხადა ნადალმა.
კომენტარები post